ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები

რა არის ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები?

ეს არის საშვილოსნოს შეკუმშვა - ხშირად უწოდებენ "ცრუ შეკუმშვას" ან სავარჯიშო შეკუმშვას. მაგრამ ეს არაა ცრუ შეკუმშვა, რადგან საშვილოსნოს კუნთები ნამდვილად იკუმშება-მაგრამ იმისგან განსხვავებულად, რაც მშობიარობის რეალურ პროცესში ხდება. დაჭიმვით და მოდუნებით, ისინი საშვილოსნოს კუნთებს ამზადებენ ნამდვილი მშობიარობისთვის-მაგრამ არ იწვევენ მშობიარობის დაწყებას და არ აიძულებენ საშვილოსნოს ყელს გაფართოებას. მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს  სრულიად ნორმალური ნაწილია თქვენი სხეულის, რომელიც ემზადება  ნამდვილი მშობიარობისა და ბავშვის გაჩენისთვის.

რა არის ბრექსტონ-ჰიქსის სიმპტომები?

ამ დროს მუცელი პერიოდულად იჭიმება და დუნდება, და თუ შეკუმშვის დროს საშვილოსნოზე დაიდებთ ხელს, შეამჩნევთ, რომ მუცელი მაგარი და "მოჭიმულია".  თუმცა ზოგიერთ ქალს სიმპტომები საერთოდ არ აქვს და შესაძლოა, საერთოდ არ იცის, რომ ისინი ხდება.  ზოგჯერ  შეიძლება,  ერთი და იგივე  ქალი სხვადასხვა ორსულობას განსხვავებულად გრძნობდეს-ამიტომ,  თუ  ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები ერთი ორსულობის დროს უმნიშვნელო და უმტკივნეულო იყო, შესაძლოა,  უფრო ადრე დაიწყოს მეორე ორსულობის დროს და გამოიწვიონ საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებები.

ისინი უმტკივნეულოა, მაგრამ დროდადრო შეიძლება იგრძნობოდეს, როგორც მსუბუქი მენსტრუალური სპაზმები .

 

რა  განსხვავებაა ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებს და სამშობიარო კუმშვებს შორის?

მთავარი განსხვავება ისაა, რომ მშობიარობის კუმშვები დროთა განმავლობაში უფრო მტკივნეული და რეგულარული ხდება და ისინი არ ქრება, რა ზომებიც უნდა მიიღოთ მათ შესამსუბუქებლად.

ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები:

  • არ იწვევენ საშვილოსნოს ყელის გათხელებას და გახსნას
  • ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით 30 წამი
  • შეიძლება იყოს არასასიამოვნო, მაგრამ, როგორც წესი, არ არის მტკივნეული
  • მოდიან და მიდიან არარეგულარულ და შემთხვევით დროს
  • ჩვეულებრივ ხდება არა უმეტეს საათში ერთხელ ან ორჯერ (ორსულობის გვიან ვადებამდე), დღეში რამდენჯერმე
  • ჩვეულებრივ  გაივლის, თუ იცვლით პოზიციას ან აქტივობის სახეობას  ან მიდიხართ სასეირნოდ
  • ჩვეულებრივ  გაივლის, თუ იღებთ  თბილ აბაზანას ან შხაპს
  • ჩვეულებრივ გაივლის, თუ სვამთ წყალს ან მცენარეულ  ჩაის (რადგან შეიძლება გამოწვეული იყოს დეჰიდრატაციით)

ნამდვილი მშობიარობის კუმშვები:

  • იწვევენ  საშვილოსნოს ყელის გათხელების და გახსნას
  • გრძელდება 30-დან 70 წამამდე
  • დროთა განმავლობაში ხდება ძალიან რეგულარული
  • ხდება ერთმანეთთან ახლოს
  • დროთა განმავლობაში გრძელდება დიდხანს
  • ძლიერდება და ხდება ხშირი, როცა დადიხართ
  • დროთა განმავლობაში ხდება უფრო მტკივნეული და შეიძლება იგრძნობოდეს, როგორც ძლიერი მენსტრუალური ტკივილები
  • შეიძლება დაკავშირებული იყოს საშოდან "ლორწოვანი საცობის" გამოსვლასთან ან წყლების დაღვრასთან

როგორ შეიგრძნობა ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები?

ისინი ჩვეულებრივ შეიგრძნობა, როგორც უმტკივნეულო ან საშვილოსნოს  მცირედ  არასასიამოვნო დაჭიმვა ან გამაგრება.  ისინი ხშირად იწყება საშვილოსნოს ზედა ნაწილში და მიემართება ქვემოთ, და შეიძლება გაგრძელდეს  30-დან 60 წამამდე. თუმცა, ისინი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ დღეში, ან საათში რამდენჯერმე   ორსულობის  გვიან ვადებამდე.

ბრექსტონ-ჰიქსი მტკივნეულია?

ზოგადად, ისინი არაა მტკივნეული. ხშირად სრულიად  უმტკივნეულოა და შეიძლება შენიშნოთ, რომ თქვენი მუცელი ხდება მაგარი. თუ გადაღლილი ან გაუწყლოებული ხართ, კუმშვები შეიძლება უფრო ხშირი და/ან არასასიამოვნო გახდეს. თუ შეამჩნევთ, რომ კუმშვები გახდა უფრო მტკივნეული, ხანგრძლივი ან რეგულარული, რჩევისთვის უნდა მიმართოთ ბებიაქალს ან ექიმს, განსაკუთრებით, თუ ხართ 37კვირამდე ორსული  ან გაქვთ სხვა სიმპტომები, როგორიცაა მუდმივი ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა ან ბავშვის მოძრაობის სიხშირის შემცირება.

რამდენ ხანს გრძელდება ბრექსტონ-ჰიქსი?

ისინი ჩვეულებრივ გრძელდება 30-დან 60 წამამდე, ზოგჯერ უფრო ხანმოკლეა, მაგრამ არა ჩვეულებრივზე გრძელი. ისინი, როგორც წესი,  წარმოიქმნებიან  შემთხვევით და იშვიათად გრძელდება  საათზე მეტხანს, ჩვეულებრივ, ისინი მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება.

განვიცდი თუ არა ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებს ორსულობის 32 კვირაზე?

სავსებით ნორმალურია მათი შეგრძნება ორსულობის ამ ეტაპზე ან მესამე ტრიმესტრის ნებისმიერ დროს. სინამდვილეში ისინი იწყება  გაცილებით ადრე (პირველ ტრიმესტრშიც კი), მაგრამ ქალების უმეტესობა მათ ვერ გრძნობს  დაახლოებით 20 კვირამდე.

რატომ მაქვს ამდენი ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვა?

ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვების გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • დეჰიდრატაცია
  • ზედმეტი დატვირთვა – როგორიცაა სიმძიმის აწევა ან ფიზიკური ვარჯიში ან ხანგრძლივი სიარული
  • თქვენი ბავშვი განსაკუთრებულად აქტიურია
  • სქესობრივი ურთიერთობა
  • ვინმე ეხება თქვენს მუცელს
  • ერთ პოზიციაში ჯდობა ან დგომა ხანგრძლივი დროის განმავლობაში
  • ძალიან სავსე შარდის ბუშტი

საუკეთესო საშუალება მათ მოსაგვარებლად არის თქვენი წყლის ბალანსის აღდგენა,  თბილი აბაზანის მიღება 30 წუთის განმავლობაში ან პოზიციის შეცვლა ან გავლა, თუ დიდხანს იჯექით. და წადით საპირფარეშოში  მოსაშარდად, თუ გრძნობთ, რომ შარდის ბუშტი სავსეა.

რამდენად ადრე შეიძლება დაიწყოს ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები?

ისინი შეიძლება დაიწყოს უკვე პირველ ტრიმესტრში, მაგრამ იშვიათად შეიძლება იგრძნოთ ორსულობის 16 კვირამდე. ქალების უმეტესობა იწყებს მათ შეგრძნებას 20 კვირის შემდეგ, ზოგიერთი ქალი კი საერთოდ ვერ გრძნობს მათ.

როგორ გავუმკლავდეთ ბრექსტონ-ჰიქსს ღამით?

საპირფარეშოში გასვლა შარდის ბუშტის დასაცლელად და ბევრი წყლის დალევა  და სეირნობა დაგეხმარებათ მათ მოგვარებაში. თუ ისინი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდება ან გახდება უფრო მტკივნეული და/ან რეგულარული,  რჩევისთვის უნდა მიმართოთ საავადმყოფოს - განსაკუთრებით თუ ხართ 37 კვირამდე ორსული ან გაქვთ რაიმე ვაგინალური გამონადენი ან შეშფოთება თქვენი ბავშვის მოძრაობებთან დაკავშირებით.

როგორ გავუმკლავდეთ ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებს  და ზურგის ტკივილს?

უჩვეულოა, რომ ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები დაკავშირებულია ზურგის ტკივილთან. ეს უფრო ხშირია, თუ ნამდვილი  მშობიარობა გაქვთ – ამიტომ რეკომენდებულია,  რჩევისთვის მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ 37 კვირამდე ხართ. ზოგიერთი ქალი გრძნობს ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვებს  ორსულობის ადრეულ ვადებზე და მათ ასევე აქვთ ზურგის ტკივილი, რომელიც არაა დაკავშირებული კუმშვებთან. თუ თქვენი ექიმი ან ბებიაქალი თვლის, რომ ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები  არაა შემაშფოთებელი, უნდა მიმართოთ ფიზიოთერაპევტს, რათა შეაფასოს თქვენი ზურგი და მოგცეთ რჩევა დახმარების აღმოსაჩენად. ასევე გაითვალისწინეთ სხვადასხვა აქტივობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრექსტონ-ჰიქსის კუმშვები  ან ზურგის ტკივილი, რათა შეძლოთ მათი თავიდან აცილება.

  1. National Health Service (NHS). The Latent Phase of Labour [online] 2012. Available at https://www.uhcw.nhs.uk/clientfiles/files/latent_phase_of_labour_UHCW_patient_information.pdf Accessed November 2021.
  2. Raines DA, Cooper DB. Braxton Hicks Contractions. [Updated 2021 Aug 11]. In: StatPearls [Internet]. Treasure Island (FL): StatPearls Publishing; 2021 Jan-. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK470546/

დაგვიკავშირდით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დასვათ შეკითხვები ჩვენს სოციალურ მედიაში.

Facebook

ელფოსტა

x